საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი, ტელეგრამის საკუთარ არხზე”, ჟენევის დისკუსიების” გადადებას აშშ-ის არასამშვიდობო მიზნებს უკავშირებს და არასტაბილურობას აანონსებს.
“ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლეთელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში ფაქტიურად ყინავენ “ჟენევის დისკუსიების” ფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებებისთვის სამხრეთ კავკასიაში. ალბათ, შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩვენს ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”, – დაწერა კარასინმა ტელეგრამ არხზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც თებერვალში უნდა გამართულიყო, აპრილისთვის გადაიდო. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის განცხადებით, თარიღის შეცვლა მათთან შეუთანხმებლად მოხდა და, შესაბამისად, უარი განაცხადეს დისკუსიების თანათავმჯდომარეების [ევროკავშირიდან, გაეროდან, ეუთოდან] მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტზე და უკვე დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების გამართვაზე.
მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის განცხადებითვე, რომელიც ცალ-ცალკე გაკეთდა, ჟენევაში შეხვედრები საქართველოსთან პირდაპირი დიალოგისთვის ერთადერთი პლატფორმაა და მისი რეგულარული გადადებით საფრთხეები იზრდება რეგიონის სტაბილურობისთვის.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა უკანასკნელ დროს, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივ გადწყვეტილებას იღებენ ყველანაირი ობიექტური მიზეზისა და მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. თანავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათს ატარებს, ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მუშაობას ხელს უშლის და რეგიონის სტაბილურობას დამატებით საფრთხეებს უქმნის”, – განაცხადა ინალ არძინბამ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2022 წელს, უკრაინის ომის ფონზე, ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრები რამდენჯერმე გადიდო, თუმცა თანათავმჯდომარეები მაინც შეხვდნენ მხარეებს თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ამის მიუხედავად, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას ჟენევის დისკუსიების ჩაშლა სურთ.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები, მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
წყარო: Netgazeti
ავტორი: ნინო კახიშვილი