აქტუალური
ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 8 თებერვალს 17:00 საათზე აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართება.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დააანონსა, საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში საპროტესტო აქციები იგეგმება.

გთავაზობთ გეგმას: ხვალ, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან იქნება პროტესტი. დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, დააფიქსიროთ პროტესტი.

ასევე, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში - 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.

ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში - 13:00 საათზე საპროტესტო აქციები გაიმართება.

შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ეს აქციები იწყება ახლა და ყველამ იცოდეს, არ დასრულდება მანამ, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა.

აბსოლუტურად ყველას გთხოვთ, ნუ მოუსმენთ ადამიანებს, რომლებიც დაპირისპირებას ცდილობენ, ვინც ტალახს ისვრის. ასევე მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, სხვადასხვა ოპოზიციურ ტელევიზიებს, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ გვჭირდება ერთობა, ჩვენ ერთმანეთის კრიტიკაში, ერთმანეთის ლანძღვაში დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან თითოეული წამი, თითოეული წუთი არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ჟურნალისტებით დაწყებული, ოპერატორებით დამთავრებული, თქვენს მომავალს საფრთხე ემუქრება. მოგიწოდებთ ყველას, თითოეული თქვენგანის ვალია ჩვენი ევროპული მომავლისთვის ბრძოლა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.