აქტუალური
„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში გადადის

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო მუშაობის მხრივ ბოიკოტს რეჟიმში გადადის. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბოიკოტის რეჟიმში იქნება იქამდე, ვიდრე არ შედგება საერთო ოპოზიციური შეთანხმება საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მანდატების საკითხს, როგორც მანჯგალაძემ განმარტა, „ეს არის დროის საკითხი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას“.

მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო, ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება და პატიმრობაში დატოვება ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება ამას გულზე ხელდაკრეფილები შევეგუოთ. ჩვენთვის ეს არის იძულებით ნაბიჯი. ჩვენთვის მთავარი არის დღესაც, ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის არანაირ სივრცეს არ ტოვებს და თუ ვინმე არის რადიკალი, რადიკალი არის „ქართული ოცნება“, რადგან ადამიანს კლავენ. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი.

დღეს ნახავთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, კმაყოფილი სახეებით იქნებიან. გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება, გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. ჩვენ ვწყვეტთ, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ შედგეს საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო საერთო გეგმასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, თუ არ იქნება ასეთი შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მომხრე. რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს არის დროის საკითხი და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.