სამართალი
პარლამენტი მედიას საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს უსაზღვრავს

 საქართველო, 7თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 6 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციისა და ქცევის წესები შეიმუშავეს.

პაპუაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, როგორც პარლამენტის, ისე მისი სტუმრებისთვის საქმიანი გარემო, ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტმა:

ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას;

წინასწარი ნებართვის გარეშე არ უნდა გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი;

პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ;

პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ უნდა გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს;

არ უნდა დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციური მიმართვა ან მოქმედება;

უნდა დაემორჩილოს დაცვის და მანდატურის მითითებებს;

აკრედიტაცია უნდა ატაროს გამოსაჩენად და არ უნდა გადასცეს სხვა პირს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჟურნალისტებს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ ექნებათ და კომენტარებისთვის არც კონკრეტული ადგილი გამოიყოფა და პარლამენტის კორპუსები „ღია იქნება, როგორც აქამდე იყო“.

რაც შეეხება აკრედიტაციას, მას იმ მედიის ჟურნალისტები მიიღებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ და აკრედიტაციების რაოდენობა მედიის ტიპზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ: საზოგადოებრივ და ეროვნულ მაუწყებლებს პარლამენტში 7-7 გადამღები ჯგუფის აკრედიტების შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ტელევიზიებს კი – 3-3 ჯგუფის. ონლაინგამოცემები პარლამენტში 4-4 წარმომადგენლის აკრედიტებას შეძლებენ, რადიო, გაზეთები და ჟურნალები კი – 2-2.

ამასთან, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კონკრეტულ ჟურნალისტს ან მედიას, მათ შორის, უცხოურს, რომელიც აკრედიტებული არ არის და ცალკეული სიუჟეტის მომზადების ფარგლებში პარლამენტში ვიზიტი სჭირდება, 1-დღიან აკრედიტაციას მისცემენ.

საპარლამენტო აკრედიტაციებისთვის მედიებმა პარლამენტს 20 თებერვლიდან უნდა მიმართონ. ჟურნალისტები პარლამენტში ახალ სამუშაო წესებზე უკვე 1 მარტიდან გადავლენ.