საქართველო, 7თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 3 თებერვალს, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან ცხოვრება რუსეთის მიერ საქართველოსადმი დაპირებებისა და 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის „მუდმივი შეხსენებაა“.
„ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია“, – თქვა ელჩმა დეგნანმა და დასძინა, რომ ადგილობრივებმა იციან, თუ „რას ნიშნავს რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება“.
„ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება“, – მიმართა კელი დეგნანმა ადგილობრივებს და დასძინა, რომ ამერიკული სივრცე ორძისში ერთ-ერთი იმ 16-დან, რომლებიც საელჩომ საქართველოს მასშტაბით გახსნა და რომელიც უზრუნველყოფს რესურსებს იმ ქართველებისთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის სწავლა, ცოდნის გაზიარება ან რაიმე ახლის სწავლა ან საკუთარი ბიზნესის გაფართოებაში დახმარება. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება რესურსი ყველასათვის და დასძინა, რომ ეს ამერიკისთვის ქართველი მეგობრებისადმი „ღრმა პარტნიორობის“ უახლოესი სიმბოლოა.