საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი: კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩევლად ლუის ბონო დაინიშნა. ის ფილიპ რიკერს ჩაანაცვლებს.

როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, ლუის ბონო იმუშავებს რეგიონულ ლიდერებთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლისთვის და რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის მოსაგვარებლად.

მისი დანიშვნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს, ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

ლუის ბონო მანამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩეველი, საერთაშორისო ატომურ სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელი, ასევე გაერო-ს ოფისში ვენასა და ბასრას რეგიონული ოფისების დირექტორი.