საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2 თებერვალს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (81%) ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთგულია. იგივე ტენდენციაა ნატოსთან მიმართებითაც, გამოკითხულების 73% ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. კვლევის შედეგებით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების ზრდის მიუხედავად, კიდევ უფრო გაიზარდა მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება.
გამოკითხულების უმრავლესობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ყოველი მე-2 მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. ყოველი მე-5 მოქალაქე სამუშაოდ უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს.
კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 3-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 519 პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.6%-ია.
კვლევის შედეგებით, ბოლო, სექტემბრის კვლევის შემდეგ, 75%-დან 81%-მდე გაიზარდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა. „ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია „არ ვიცი“ პასუხების ხარჯზე“.
გამოკითხულების 30% მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, 29%-ის მოსაზრებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არ შეცვლილა, 25% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა, 16%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე.
რესპონდენტების მხოლოდ 30% მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. 56% ამბობს, რომ მთავრობა ამისთვის საკმარისს ან საერთოდ არაფერს აკეთებს, 14%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე.
კვლევის თანახმად, საზოგადობის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართაც. ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრობას მხარს 74% უჭერს, წინა გამოკითხვით ეს მაჩვენებელი 69% იყო. ამ შემთხვევაშიც, ნატოს მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკურ უმცირესობებშია, „არ ვიცი“ პასუხების ხარჯზე.
წინა კვლევასთან შედარებით, 23%-დან 37%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 44%-დან 31%-მდე შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 26% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. წინა კვლევაში ამ აზრზე 29% იყო. „ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებში გაიზარდა“.
ამასთან, გამოკითხულების 66% ამბობს, რომ თავს დაცულად გრძნობს, 34% კი – დაუცველად. „მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ“. იმ რესპონდენტებიდან, რომელთაც თქვეს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, 39%-მა მიზეზად სიღარიბე დაასახელა; 35%-მა ინფლაცია და მაღალი ფასები; 34%-მა უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა; 33%-მა კრიმინალი; 31%-მა პოლიტიკური არასტაბილურობა; 10%-10%-მა მაღალი ფასები წამლებზე და კრიმინალი; 7%-მა ცუდი ჯანდაცვა; 6%-6%-მა განათლების დონე და ტერიტორიული მთლიანობა; 5%-მა ომი უკრაინაში; 4%-4%-მა უცხოელთა მიგრაცია, რუსეთის ქმედებები საქართველოსადმი და ქართველების ემიგრაცია; 14%-მა კი – სხვა შემთხვევები.
გამოკითხულების უმეტესობა – 44% – ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი შემცირდა. 37% ნეიტრალურად არის განწყობილი. 17%-ს ამ მიმართულებით ოპტიმიზმი არ აქვს, 2%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე.
წინა, სექტემბრის კვლევასთან შედარებით, 55%-დან 48%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ; 38%-დან 44%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც საშუალოდ აფასებს; 4%-დან 6%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობაც ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა. „საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ“.
ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევად გამოკითხულების 58% უმუშევრობას ასახელებს; 55% ფასების ზრდას და ინფლაციას (ყოველ მე-5 ოჯახს (18%) საკვებზე ფული არ ჰყოფნის); 40% დაბალ ხელფასებს; 27% სიღარიბეს; 26% მაღალ გადასახადებს; 20% ლარის გაუფასურებას; 13% მაღალ ფასს საწვავზე.
გამოკითხულების 51% არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს; 37% დარწმუნებულია; 12%-მა არ იცის.
კვლევის თანახმად, ქვეყნის ყოველი მე-5 მოქალაქე უმუშევარია და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. მათგან ვინც თქვა, რომ დაუსაქმებელია, 49%-მა აღნიშნა, რომ სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს; 20%-მა შესაბამისი ანაზღაურების სამსახური ვერ იშოვა; 16% სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის; 8% დაინტერესებულია, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 5%-მა შესაფერისი სამუშაო პირობების სამსახური ვერ იპოვა; 3%-მა არ იცის.
წინა კვლევასთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით – 41%-დან 51%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს. 51%-დან 39%-მდე შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. „მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩეველში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ასევე საშუალო ასაკის ჯგუფში გაიზარდა“.
გამოკითხულების 14% დადებითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას, 32% უარყოფითად. პრემიერისას დადებითად 31%, უარყოფითად 27%. პარლამენტის საქმიანობით 12%-ია კმაყოფილი, უკმაყოფილო – 31%.
წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი (61%) მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. 31% ამბობს, რომ არსებობს პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 3%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.
ამასთან, გამოკითხულების 39% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას. 25% ქართულ ოცნებას ასახელებს, 6% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 13% სხვა პარტიებს ასახელებს.
კვლევა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომსაც ეხება. გამოკითხულების 57% ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია; 25%-ის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის; 15%-ის აზრით, აშშ-ის; 8%-ის მოსაზრებით, უკრაინის; 3%-ის აზრით, ნატოსი; 2%-2% კი – ევროკავშირს და სხვას ასახელებს.
რესპონდენტების 69% მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოზე უარყოფით გავლენა ექნება; 17% ამბობს, რომ დადებითი; 6% ამბობს, რომ გავლენა არ ექნება. არ იცის 8%-მა.
ამასთან გამოკითხულების 57%-ისთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის მიდგომა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით; 29%-ისთვის მისაღებია; 14%-მა არ იცის ან უარია პასუხზე. გარდა ამისა, 69% ფიქრობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, 21% ამბობს, რომ არ უნდა დაწესდეს, 10%-მა არ იცის.