საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვა აპრილისთვის გადაიდო. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი ავრცელებს ინფორმაციას.
„ჩვენ მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა ჩართულობისთვის მზად ვართ“, – წერს კლაარი „ტვიტერზე“.
ამავდროულად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდი, რომელიც 2023 წლის თებერვლის ბოლოს უნდა გამართულიყო, აპრილში გაიმართება.
„თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში.