უცხოეთი
ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ბროვარის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ არსენ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

თავად არსენ ავაკოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩხრეკა დაკავშირებულია მისი მინისტრობის პერიოდში ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვასთან.

ავაკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრაქტები დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტმა და რადამ.

უკრაინული მედია წერს, რომ ჩხრეკა ბროვარში სახელმწიფო საგანგებო სამსახურის შვეულმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ჩატარდა.

კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი 18 იანვარს ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 14 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი ემსხვერპლა.

1tv.ge