უცხოეთი
„დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღებისკენ მოუწოდებენ

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. „დიდი შვიდეულის“ ელჩები უკრაინაში ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ელჩების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ელჩები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელება სანდო ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და დანერგვის გზით. ეს გააძლიერებს უკრაინის მედეგობას ომის დროს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი მისი ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩების განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე ანტიკორუფციული ბრძოლის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ მიმართა „დიდი შვიდეულის“ ელჩებს, რომ გარკვეული ორგანოები, რომლებიც „ყველაზე კორუმპირებულ სფეროებს მიეკუთვნებიან“, 2023-2025 წლების ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან.

იანვრის დასაწყისში უკრაინას ანტიკორუფციული სახელმწიფო პროგრამის რაც შეიძლება მალე დამტკიცებისკენ ევროკავშირის წარმომადგენლობამაც მიმართა. როგორც უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის დამტკიცება იქნებოდა შესანიშნავი შედეგი, რომლის წარდგენაც 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე იქნებოდა შესაძლებელი.

1tv.ge