საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, არ უნდა იყოს შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კარლ ნეჰამერმა აღნიშნა, მან ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერა შესთავაზა ყველა მიმართულებით.
„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, რაზეც ბატონმა პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც ლაპარაკია არა მხოლოდ გეო სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. ჩვენ დღეს პრესკონფერენციამდე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ამ თემაზე. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა იმისთვის, რომ შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჩვენთვის ცხადია, რომ ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით სვლა, ღირს ძალისხმევის გაძლიერება, უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ეს პროცესი მათ შორის მოიტანს ძალიან ბევრ ცვლილებას შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურად იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ეს ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს შევთავაზე ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ამის საჭიროება იქნება. ამავდროულად, ეს პროცესი ცხადჰყოფს, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაშიც მართლაც არსებობდა ამ თემაზე დისკუსია ევროკავშირის ფარგლებში, თუ რა წარმატებები იყო სამი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ავსტრიის მხარდაჭერაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ავსტრიის მზადყოფნას, მათ შორის ნოუ ჰაუს თვალსაზრისით, რომ ჩვენ მხარში ამოგიდგეთ. ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრობის სტატუსი გვქონდა და ვიცით, რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.