საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, რისი მიღებაც შეგვეძლო, ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ჩვენ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.