საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს საქართველოს მასშტაბით გახსნილია 15 საგამოცდო ცენტრი.
ვინაიდან ეროვნული ბანკის რეგიონული ინფრასტრუქტურა არ იძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების განთავსების შესაძლებლობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტესტები შეინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ცენტრებში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, უმაღლეს დონეზე იყოს უზრუნველყოფილი ტესტების უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.შეგახსენებთ, 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, სტუდენტების საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისათვის რეგისტრირებული აპლიკანტები საგამოცდო ბარათებს იღებენ 15 ივნისიდან რეგისტრაციის (განაცხადში მითითებულ) ადგილებზე.
საგამოცდო ბარათების გაცემა იწარმოებს 29 ივნისის ჩათვლით.
P.S. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება ამთავითვე ბადებს ეჭვს, რომ 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე ტესტები საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურებში „არასაიმედოდ“ იყო დაცული. ამას თუ დავამატებთ წინა წლებში საგამოცდო ციებ-ცხელებისას გავრცელებულ ხმებსაც, რომ ცარიელი ტესტები ბარდებოდა და მაღალი ქულებიც მშვენივრად იწერებოდა, ბევრი ჩაჭრილი აბიტურიენტი ჩარიცხულთა სიებშიც „მოხვედრილა“, ვნახოთ, ამჯერად განათლების სფეროს „გაპოლიციების ერთიან რელსებზე“ გადასვლის შემდეგ როგორ შედეგს მივიღებთ.