საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები - კეზერაშვილის ფლანგმა, თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩვით დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებოთ განვითარებას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძე აცხადებს, არჩევნების გაყალბება და ოლიგარქიული გავლენები, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მანიპულირებდნენ, მათი პარტიის ხელწერა ყოფილა.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხშირად მანიპულირებდნენ ხოლმე და აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ოლიგარქიულ გავლენებთან დაკავშირებით ქვეყანაში და ა.შ. ახლა გაარკვიეს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში თურმე მათ პარტიაში ხდება. არჩევნების გაყალბებაც მათი ხელწერა ყოფილა, ოლიგარქიული გავლენებიც მათი გავლენა ყოფილა და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა პროცესები წარიმართება ამ პარტიის შიგნით. რეალურად მძლავრობს ოლიგარქიული გავლენები, ამასთანაც არის დაკავშირებული ყველა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ნუ, მთავარი არის ის, რომ ყველა შემთხვევაში ეს პროცესი კარგად დასრულდება. კარგად ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, იმიტომ რომ საბოლოო წერტილი მაინც იქნება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩა ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები - ერთმა მიმართულებამ თუ მეორემ, კეზერაშვილის ფლანგმა თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა. ასეც და ისევ ეს პროცესი დასრულდება „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით, რაც ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის სწორი მიმართლებთ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.