საზოგადოება
„ქართულ პარტია“ დანაკლისს ახალი სახეებით შეავსებს

partia_qartuliშვეიცარიაში „ქართული პარტიის“ ლიდერების სოზარ სუბარის, ირაკლი ოქრუაშვილის, კოტე გოგელიას და ეროსი კიწმარიშვილის შეხვედრა დასრულდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა თანაპარტიელებთან ერთად განხილულ საკითხებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „26 მაისის შემდეგ საჭირო გახდა განვლილი გზის შეფასება და ახალი ამოცანების დასახვა“, - ასე ხსნის შვეიცარიაში გამართული პარტიული კონსულტაციების საჭიროებას სოზარ სუბარი.

მისივე განცხადებით, უახლოეს ერთ თვეში პარტიის ყრილობა ჩატარდება, რომელზეც პარტიის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ იქნება მსჯელობა. „პარტიაში არსებული სტრუქტურული დანაკლისი შევსებას საჭიროებს. ვაგრძელებთ მუშაობას პროგრამებსა და სამომავლო ამოცანებზე. მთავარი ამოცანა კი იგივეა: როგორ შევცვალოთ ხელისუფლება და რა გავაკეთოდ ამის შემდეგ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად“, - აღნიშნავს სუბარი.

ამასთან, პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მალე პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან, რომლებიც ძალზე საინტერესო ადამიანები არიან. მათ ვინაობას კი საზოგადოება მალე შეიტყობს. „ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, თუმცა მათი უკომპრომისობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის“, - დასძენს სოზარ სუბარი.