აქტუალური
არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად არ ვაპირებთ, შევიცვალოთ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. სამწუხაროდ, პირველი არ არის, როდესაც ვისმენთ ბატონი კასიანოვის საყვედურიან განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთ ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა, კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას ჰგავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, როდესაც ახალი ელჩი საქმიანობას შეუდგება, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და საკუთარ მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მთავარია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის დასრულდეს უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით და უკრაინამ თავისი მშვიდობიანი მომავლის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები.

ნებისმიერი ასეთი განცხადება არ ემსახურება მიზანს და ძალიან ბევრი გაურკვევლობა შემოაქვს ყოველ ასეთ განცხადებას უკრაინის მეგობრებს შორის, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა დღეს ომშია და გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება, გარკვეული განცხადებები თუ გადაწყვეტილებები არ იყოს მთლად თანხვედრაში საერთო ინტერესებთან, რომლებიც არსებობს ევროპაში, რომლბიც არსებობს თუნდაც საქართველოსა და უკრაინის დამოკიდებულებაში. სხვათა შორის, არაერთი საყვედურიანი განცხადება ისმის სხვა ევროპული სახელმწიფოების მიმართაც, ამიტომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ევროპაა და ამის გამო ნამდვილად არ ვაპირებთ, ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შევიცვალოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.