პოლიტიკა
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები თბილისში

uchenia„20-დან 24 ივნისამდე თბილისი ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს, რომლის მიზანიც არის ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში ეფექტური რეაგირებისა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა“, – იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

„ამგვარი მზადყოფნის მნიშვნელობაზე მეტყველებს ბოლოდროინდელი სტიქიური მოვლენა საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სწავლება სახელწოდებით „Shared Horizons 2011“ საქართველოს ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრში იმართება და მასში მონაწილეობენ „აშშ-ის ჯორჯიის ეროვნული გვარდიის 20 ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა საქართველოს მხრიდან“.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, სწავლებას წარუძღვებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ხოლო ამერიკული მხრიდან პროცესს დააკვირდება აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდლობის წარმომადგენელი ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი.

ჰერტლინგი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, აშშ-ის სახმელეთო ძალების ჯარისკაცებისთვის საგანგებო ვითარებაში სრული სპექტრის ოპერაციების უზრუნველყოფისთვის სწავლების ჩატარებასა და ევროპის რეგიონში 51 ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.