დეპუტატებმა 106 ხმით 1-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქიდან ქუთაისში სრულად გადატანას ითვალისწინებს მომდევნო პარლამენტის არჩევის შემდეგ.
2009 წელს მიღებული კონსტიტუციური შესწორების თანახმად, გათვალისწინებული იყო 2012 წლიდან ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომების გადატანა, ხოლო სხვა საქმიანობა, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენები, კვლავინდებურად თბილისში უნდა დარჩენილიყო. თუმცა მაისში მთავრობა ქუთაისში პარლამენტის მთლიანად გადატანის ინიციატივით გამოვიდა.
„საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში განთავსება ხელს შეუწყობს, ასევე, იმას, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან კონსტიტუციურ-სამართლებრივ და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების შტოების დაბალანსებას, პარლამენტის როლის გაზრდას, კანონის პატივისცემის განმტკიცებას და, გარდა ამისა, ეს დაკავშირებული იქნება მთელ რიგ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძემ.ეს ინიციატივა ერთი თვის განმავლობაში ორ სხდომაზე იქნა განხილული საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში, სადაც, მმართველი პარტიის დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით არანაირი წერილობითი შენიშვნა არ შესულა.
თუმცა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიციიდან, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას შეადგენდნენ, მწვავედ გააკრიტიკეს ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა, მათ შორის, იმ დამატებითი ხარჯების გამო, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ იქონიებს გავლენას არც მის ხარჯვით და არც საშემოსავლო ნაწილზე.
ქართული დასის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „სიცრუეა“ ის, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანას დამატებითი ხარჯები არ სდევს თან. მისი თქმით, მთლიანი ხარჯები, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარი იქნება, რაც უმჯობესია, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდეს.
თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, კანონპროექტი კონკრეტულ დანახარჯებს არ გამოიწვევს, რადგან 2011 წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია პარლამენტის ახალი შენობის მიმდინარე მშენებლობის თანხები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა 57 მლნ ლარი ჯდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის არსებული შენობა, სავარაუდოდ, მისი გაყიდვის შედეგად, მშენებლობის ხარჯებს დააბალანსებს. „ამდენად, ის ხარჯები იქნება გამართლებული, რასაც ჩვენ ქუთაისში პარლამენტის გადატანაზე გავწევთ“, – განაცხადა მან.
დეპუტატმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ მოუწოდა მმართველ გუნდს, არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან პარლამენტის ქუთაისში გადატანა და მისი მთავრობისგან დისტანცირება შეასუსტებს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.
მან შესთავაზა, რომ პარლამენტი და მთავრობა ერთად გადავიდეს ქუთაისში ან შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა პალატაც ქუთაისში განთავსდება.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, 200-კილომეტრიანი მანძილი საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის, კონტროლის თვალსაზრისით, „არანაირ პრობლემას“ არ შექმნის. „ჩვენ აუცილებლად მივაწვდენთ ხმას მთავრობას“ და პარლამენტის როლი „არათუ დაკნინდება, არამედ გაძლიერდება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ოპოზიცია იმის გამო ეწინააღმდეგება ქუთაისში პარლამენტის გადატანას, რომ მათ დედაქალაქიდან გადასვლა არ სურთ და ჰგონიათ, რომ „მიზიდულობის ცენტრი ვეღარ იქნება პარლამენტი“.
საპარლამენტო უმცირესობისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერ გიორგი თარგამაძის განცხადებით, პარლამენტის გადატანა არის „დამატებითი დაბნეულობის ელემენტების შემოტანის მცდელობა“ პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო დეზორიენტაციის მიზნით და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თბილისის, როგორც პოლიტიკური დედაქალაქის, როლს.
„გავიტანოთ რეფერენდუმზე და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს, საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქი უნდა იყოს თბილისი თუ სხვა რომელიმე ქალაქი“, – განაცხადა მან.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით თბილისსა და ბათუმთან ერთად იქმნება მესამე პოლიტიკური ცენტრი ქუთაისის სახით, რაც ხელს შეუწყობს „პოლიტიკური ცხოვრების დეცენტრალიზაციას“.
დეპუტატი უმცირესობიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, თუ რა ბედი ელის პარლამენტის აპარატის 700-მდე თანამშრომელს პარლამენტის ქუთაისში გადასვლის შემდეგ.
მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის ახალ პარლამენტში გაგრძლებას მოისურვებენ, ამის შესაძლებობა მიეცემათ.