საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამ 18 იანვარს „აფხაზეთის მოქალაქის“, რუსლან გამისონიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა“ და „მედიის გამოყენებით საჯარო მოწოდებების გამო, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ“.
ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების განმარტებით, გამისონია 2022 წლის ივნისში „უკანონოდ გადავიდა საქართველოში“, მოგვიანებით კი – აგვისტოში აფხაზეთიდან გაქცეული კიდევ ერთი მოქალაქის, რაულ ბუავას „ტიკტოკის“ არხზე გამოჩნდა, სადაც გამოთქვამდა იდეებს, რომლებიც „შეიცავდა ფარულ მოწოდებებს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისა და აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოში შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.
ბუავას გვერდზე 2022 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოში, გამისონია ამბობს, რომ იგი იძულებული გახდა სოხუმიდან თბილისში წამოსულიყო, რადგანაც აფხაზეთის ხელისუფლება „ხალხს სიმართლის თქმის საშუალებას არ აძლევს, ყიდის მიწებს და ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული“. გამისონიამ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში „არ არის განვითარება და მიდის პროპაგანდა, რომ აქ [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან“. მან აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის საჭიროება აღნიშნა და დასძინა, რომ „აქ [თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე] არის მომავალი და განვითარება“.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, გამისონია ადრე აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ განზრახ მკვლელობისთვის, გულრიფშის სასამართლომ კი – რუსეთის ორი მოქალაქის გაუპატიურების და მათ მიმართ გარყვნილი ქმედებების გამო გაასამართლა.