საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: ახალი არხის გახსნა, რომელიც ქართველებს შესაძლებლობას მისცემს პირდაპირ წავიდნენ რუსეთში, არის მეტი კომფორტის შექმნა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრობლემას ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, იმ ფონზე, როცა ლარსით შესაძლებელია რუსეთის მოქალაქემ მანქანით იმოგზაუროს საქართველოში, ან საქართველოს მოქალაქემ რუსეთში, პირდაპირი ფრენები ქართველ მოსახლეობას, შესაძლებლობას მისცემს საქართველოში არა სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით, არამედ, პირდაპირ ჩამოვიდნენ.

ოპოზიციის კრიტიკას, რომ კრემლის გზავნილები „ქართული ოცნების“ რიტორიკას ემთხვევა, სარჯველაძე ასე პასუხობს:

ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ საკუთარი დასკვნები ასეთ მოსაზრებებს დაამყარონ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხს ვინ, როგორ ხედავს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული, აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. მგონი, არავის აქვს საფუძველი და მიზეზი რაიმე სპეკულაციებისთვის და მათ შორის, საუბრისთვის, თითქოს, ქართული მხარის და რუსული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება რაღაცნაირად ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები აქვს, რომლის დაცვისკენაც მთელი ქართული ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობებია მოწოდებული. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს ხელისუფლებაა, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესია, ეს გულისხმობს დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

იმ ფონზე, როცა არსებობს მოცემულობა, რომ ლარსით შესაძლებელია რუსეთის მოქალაქემ საქართველოში მანქანით იმოგზაუროს, ან საქართველოს მოქალაქემ რუსეთში, ერთის მხრივ, სავიზო რეჟიმი არსებობს, მეორე მხრივ, არ არსებობს და ა.შ. ტექნიკურად ახალი არხის გახსნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მაგალითად, ქართველ მოსახლეობას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იმოგზაუროს საქართველოში საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად, არა სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, არამედ პირდაპირ იმოგზაურონ, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა ქართული მოსახლეობისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაღაცნაირად ინტერპრეტირებული იყოს, როგორც პრორუსულობის არგუმენტი, სარჯველაძე აცხადებს, რომ „ეს არამც და არამც, სწორი არ არის“.

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რიტორიკა, რომელსაც დღეს ოპოზიცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოსატყუებლად, თითქოს, ფრენის ქონა, ან სახმელეთო მიმოსვლის ქონა ნიშნავს მაგალითად, ოკუპაციის მიმართულებით უკან დაბრუნებას. რაც შეეხება დიპლომატიურ [ურთიერთობებს], ყველაფერი დამოკიდებულია შინაარსზე, რადგან დღეს ურთიერთობა, იგივე ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციასთან ირიბი არხებით, მაგრამ მაინც არსებობს. ეს არის მაგალითად, შვეიცარიის გავლით, ჟენევის ფორმატი და ა.შ. რა ფორმით, რა საშუალებებით, რა შინაარსით იქნება ასეთი ურთიერთობები, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. რაც შეეხება ინიციატივას, მე სიმართლე გითხრათ, გავრილოვის ამ განცხადებას მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, ეს არ არის ფორმა, რომლითაც მსგავს საკითხებზე დისკუსია და დიალოგი წარიმართება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ოკუპანტთან შესაძლებელია თუ არა საუბარი, სარჯველაძე ასე პასუხობს: „დღეს არსებობს ურთიერთობა, ოღონდ ეს ხორციელდება შვეიცარიის შუამავლობით, ამიტომ რა ფორმით წარიმართება ეს ურთიერთობა, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული“.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ნორმალურ კალაპოტში შეიძლება ჩადგეს თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობები და მას ჰქონდეს იგივე სახე, როგორიც გვექნებოდა ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელთანაც არ გვაქვს იგივე პრობლემები, როგორიც საქართველოს რუსეთთან მიმართებაში აქვს. დღევანდელი ფორმა, შვეიცარიის მეშვეობით კომუნიკაციის, მგონია, რომ ეს ნორმალურია და არის ფორმა, რომელიც აპრობირებულია და მისაღებია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციის განცხადებებზე, რომ ხელისუფლება რუსეთისგან შექებას იმის გამო იღებს, რომ პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს ტყუილია.