საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკული კვლევების ცენტრის გახსნას დაესწრო, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მათ შორის შეეხო საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე საქართველოს უარის თაობაზე. მან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საქართველოს მიერთების შესახებაც ისაუბრა.
რაც შეეხება კასიანოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველომ უკრაინას იარაღის მიწოდებაზე უარი უთხრა, აშშ-ის ელჩმა მოუწოდა თბილისსა და კიევს, რომ ასეთ სენსიტიურ დროს, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წასართმევად, საკითხები არასაჯარო ფორმატში განიხილონ.
ელჩის თქმით, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ყველა მოკავშირეს და პარტნიორს, რომ რითაც შეეძლოთ დახმარებოდნენ უკრაინას“. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ სფეროში და საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. „ყველას კარგად გვესმის ის სენსიტიური მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება, იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – აღნიშნა ელჩმა.
ელჩი დეგნანის აზრით, ქართველების უმეტესობას უფრო მოეწონებოდა იმის გაგება, რომ რუსეთს საკუთარი შეიარაღებული ძალები გაჰყავს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას იწყებს, ვიდრე ის, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები განახლდება. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნება უჭირთ, თუმცა „ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში“.
სანქციებთან დაკავშირებით ელჩმა განაცხადა, რომ აშშ მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა მიუერთდეს საერთაშორისო სანქციებს. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ „უზარმაზარ შესაძლებლობას“, რომელიც გააჩნია საქართველოს, როგორც შუა დერეფანს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ელოდება. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ „როდესაც ამგვარი საქმეები ჩნდება, ეს აჩენს მეტ კითხვას კანონის აღსრულებასთან და მოსამართლეების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ აღასრულონ კანონი არსებული მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე“.