სამართალი
სერგეი ლავროვი: საქართველო პატივისცემას იწვევს

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა იმავე დასახელების ტელევიზიის ბაზაზე ახლახან შექმნილი ქართული პოლიტიკური მოძრაობის „ალტ-ინფო“ წარმომადგენლის კითხვას.

ლავროვი მიესალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც დასავლეთის გავლენისგან დამცველის როლს, ასევე საქართველოს მთავრობას იმ „სიმამაცისთვის“, რომ დაპირისპირებოდა დასავლეთის ზეწოლას შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

ქვემოთ მოცემულია „ალტ-ინფოს“ კითხვისა და ლავროვის პასუხის სრული ვერსია:

დავით ახვლედიანი, „ალტ-ინფო“: ბატონო მინისტრო, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ რეალურად, ეს არის კოლექტიური დასავლეთის დაპირისპირება რუსეთთან და არა მხოლოდ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ რეგიონის პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. მუდმივი რადიკალური თავდასხმებით, ამერიკელების მიერ მართული პოლიტიკური და მედია ჯგუფები დასავლეთის ქცევის ნორმების ამორალური და გარყვნილი ფასეულობების დანერგვას ცდილობენ, რაც უცხოა ჩვენი კულტურისა და იდენტობისთვის. ამ გზით, დასავლეთი ცდილობს, რომ პატარა ქვეყნების კულტურულ სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს და მათზე კონტროლი დაამყაროს; და რა თქმა უნდა, გლობალისტების ამ პოლიტიკის საბოლოო მიზანია პატარა ქვეყნების მსხვერპლად შეწირვა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. უკრაინაც ამის სამწუხარო მაგალითია. ანალიგიური საფრთხე ემუქრება საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. ასეთ პირობებში, მწვავედ დგას საკითხი: აქვს, თუ არა რუსეთს მკაფიო სტრატეგია დასავლეთის დესტრუქციული კულტურული ექსპანსიის წინააღმდეგ და გულისხმობს თუ არა ეს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომელთაც შეუძლიათ ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ კონსერვატიული ფასეულობების დაცვის საქმეში?

ლავროვი: ეს ძალიან ფართო საკითხია. სწორედ ახლა უკრაინაზე ვსაუბრობდით. გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქნა მოწვეული. სხდომა მიეძღვნა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი არსებულ საფრთხეებს, რომლებიც გამომდინარეობს კიევის რეჟიმის პოლიტიკიდან ადამიანის უფლებების, ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ეროვნული უმცირესობების რელიგიური უფლებების სფეროში… თქვენ ალბათ გესმით, რომ კულტურული არსებობა, ნეგატიულ ტენდენციებთან დაპირისპირება ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების გზით პირდაპირ კავშირშია რელიგიასთან, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობასთან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, და ასევე უკრაინის [მართლმადიდებელი ეკლესია], არ წარმოადგენს რუსული გავლენის ინსტრუმენტს, არამედ არის ინსტიტუტი, რომელიც იცავს ტრადიციებს, ისტორიას და ამ ტრადიციებს გადასცემს თაობიდან თაობას, როდესაც ეს უბრალოდ ნადგურდება და იკრძალება, როდესაც სასულიერო პირებს აპატიმრებენ და მოქალაქეობას ართმევენ, ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც დასავლეთი საკუთარი ფასეულობების დანერგვას ცდილობს.

ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენ ჟურნალისტებს, ჩვენ პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს, რომელთაც შეუძლიათ, რომ სიმართლე უცხოურ აუდიტორიებამდე მიიტანონ, სანქციებს უწესებენ; ჩვენ იძულებულნი ვართ საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ და ეს სულაც არ არის ჩვენი არჩევანი. ცივი ომის დროსაც კი საბჭოთა და ამერიკელი მეცნიერები რეგულარულად იკრიბებოდნენ და თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებს განიხილავდნენ. დღესდღეობით, ასეთი შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს, და უბრალოდ ვიტყვი, რომ ზოგჯერ მე მომმართავენ დასავლელი პოლიტოლოგები სრულიად არაოფიციალური არხებით, მოკრძალებულად, და მეკითხებიან შეიძლება თუ არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე რაიმე სემინარის ორგანიზება, სადაც თქვენებიც და ჩვენებიც ჩავლენ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უზარმაზარი პატივისცემა მაქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის მიმართ, რომელიც ამ ფასეულობებს იცავს, და ზოგადად, არანაირი პრობლემა არ გვაქვს ქართველ ხალხთან. იყო ასეთი ისტორია 2008 წელს… და ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ალიანსმა ბუქარესტის სამიტზე მიიღო დეკლარაცია, რომელშიც ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, და ცალსახაა, რომ სააკაშვილს… არ მინდა ჟარგონი გამოვიყენო, მაგრამ მას ემოციები გაუმძაფრდა და გადაწყვიტა, რომ თავისუფლება მიენიჭა მოქმედებაში; ასევე სააკაშვილის მიერ ცხინვალისა და საშვიდობოების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა… უკრაინელებს ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, რათა ეს ბუქარესტის იმპულსი იმ ადამიანების ცნობიერებამდე მისულიყო, რომელთაც გადაწყვიტეს საკუთარი ტერიტორიიდან გაეძევებინათ ყველაფერი რუსული

მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს საქართველოსთან, იქ არსებობს დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. ქართულმა მხარემ საკმაოდ დიდი ხნის წინ საერთო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროექტი წარადგინა, რომელიც ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ეს ძალიან სასარგებლო რამაა. თუმცა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დასავლელი მონაწილეები – ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ – ცდილობენ, რომ ეს ფორმატიც უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მძევლად აქციონ. ეს უწესობა და არაპროფესიონალიზმია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი კონკრეტული ამოცანები კონკრეტულ რეგიონში მათი პოლიტიკური წყენითა და კაპრიზებითა განპირობებული.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხთა შორის კონტაქტები საქართველოსთან აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ზეწოლას განიცდის საქართველო და პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დასავლეთის მხრიდან, რომელიც ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან პირდაპირ, ღიად, საჯაროდ მიერთებას. და ის, რომ ამ პატარა ქვეყანას და მის ხელისუფლებას აქვს სიმამაცე, რომ განაცხადოს, რომ ჩვენ საკუთარი ინტერესებით, საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ, ეს პატივისცემას იმსახურებს.