უცხოეთი
ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არესტოვიჩი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არესტოვიჩმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტის აპარატის უფროსს, ანდრეი ერმაკს მიმართა.

„მინდა, ცივილიზებული ქცევის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა, შესაბამისად, გადადგომა“, – წერს არესტოვიჩი.

ამასთან, არესტოვიჩი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარში წერს: „ბოლოს, როდესაც მე წამოვედი, თვე-ნახევრის შემდეგ ომი დაიწყო. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა 16 იანვარს განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.

მოგვიანებით, ამ განცხადების გამო, უკრაინის რადაში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ამასთან, დღეს ალექსეი არესტოვიჩმა რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებით თავის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა და დნიპროს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

1tv.ge