სამართალი
სააპელაციომ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი 1 წლით შეუმცირა

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 16 იანვარს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში გაამართლა 2021 წლის 5 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და აწ უკვე გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ოპერატორზე ძალადობაში ექვსი მსჯავრდებული და მათ სასჯელი 5-დან 4-წლამდე შეუმცირა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

მსჯავრდებულებს გამოძიება ედავებოდა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას (225-ის მე-2), ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას (154-ის მე-2), დევნას (156-ის მე-2-ის „ა“ და „გ“) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან (118-ის მე-3).

საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულები ყველა ბრალში დამნაშავედ 2022 წლის აპრილში ცნო და თითოეულს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2021 წლის ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. ჰომოფიბიური ძალადობის საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებზე ძალადობისთვის.