აქტუალური
გასაძვირებელი ჯერ კიდევ ბევრია

nagavi-5დასუფთავების გადასახადის ახალ სისტემას საკრებულოს ფრაქციები აპროტესტებენ.

ქ. თბილისის საკრებულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ მოსახლეობისათვის ახალი, ყოვლად გაუგებარი და მსოფლიოში ჯერ არსად გამოყენებული სქემა შეიმუშავა. კერძოდ, დასუფთავების გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველ კილოვატ საათზე და ის 1კვტ/სთ-ზე 0,0 5 თეთრით განისაზღვრება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღესვე ზურაბ აბაშიძემ შეკითხვების ნუსხა წარადგინა და მათზე მერიისგან კონკრეტული პასუხები მოითხოვა.

„გაუგებარია, თუ რა კავშირია დაგვა-დასუფთავებასა და მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას შორის; ასევე, აუცილებელია, გავიგოთ, რა კავშირი აქვს დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურს ენერგოკომპანიასთან, რომელიც ბიზნესსტრუქტურაა; რამ გამოიწვია ისედაც გაძვირებული დასუფთავების საფასურის კიდევ უფრო გაძვირება; რა ტარიფით გადაიხდიან საფასურს იურიდიული პირები, კერძოდ, საავადმყოფო, სასტუმრო, სკოლა, რესტორანი, სასადილო და ა.შ.; ზამთარში, როცა ადამიანები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მეტ ნაგავს აგროვებენ... ყოველივე ზემოაღნიშნულ კითხვებზე მერიისგან, სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე კონკრეტულ პასუხებს მოვითხოვთ და კატეგორიულად ვაცხადებთ, ამ საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე მოსახლეობის დამატებითი ძარცვა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს“, – განაცხადა აბაშიძემ.

P.S. სანდო წყაროზე დაყრდნობით, საქინფორმისთვის ცნობილია, რომ ქალაქის მაღალსართულიან კორპუსებში გაცხარებით მიმდინარეობს თანხების აკრეფა (მერიის თანადაფინანსებით), რათა მერიამ ადრე არსებული სანაგვე მილები (ე.წ. ბუნკერები) აიღოს. ან ის თანხა სად მიდის, ან აღებული მასალა რას მოხმარდება, ან, ვინ იცის, როდის მოიფიქრებენ კიდევ შემოსავლის საჭრელ ახალ „დაზგას“ და კვლავ დააბრუნებენ ძველებურ მილებს, რომ მერე ისევ მოსახლეობის ხარჯზე გადაიაროს ყველა დანახარჯმა... თანაც, ეს სანაგვე ურიკები მაინცადამაინც არ ამართლებს – ან ქარი მიაგორებს, ან ბორბლებდამტვრეული ელის მერიისგან სანაგვეზე მოსროლას.

თუ ურიკები კორპუსებს გარეთ დგას, მაშინ რა საჭიროა, მოსახლეობამ სულადობის მიხედვით იხადოს ნარჩენების გატანის გადასახადი; და თუ ამ ახალ სისტემას დანერგავენ და საშუალო ოჯახის დანახარჯს 300-400კილოვატს ჩავთვლით, ე.ი. 15-20 ლარი იმ ნაგავს უნდა მიაყოლო, დენის გათიშვით დატერორებულ მოსახლეობას რომ გადასაყრელადაც აღარ აქვს.