საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, მიმართულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ! - ეს შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, როცა აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყნის რეპუტაციისა და ავტორიტეტისათვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს, „ამ კონტექსტში ლეგიტიმური კითხვები ჩნდება“.
„ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი. რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.
რეალურად იკვეთება კავშირები, რაც ამყარებს პოზიციას, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის კონკრეტული კომპონენტი და ბენ ჰოჯესიც ამ აქტივობებშია ჩართული“, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.
მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი, - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომლის თემაა: „უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის“.
ბენ ჰოჯესის განცხადებით, მას უჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს.