აქტუალური
პარლამენტის საგაზაფხულო სესია 7 თებერვალს გაიხსნება

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 7 თებერვალს განაახლებს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის მუშაობა თებერვლის პირველ სამშაბათს იწყება.

მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება. მისაღებია რამდენიმე გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მათ შორის, პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩავარდა, პოლიტიკური მხარეები კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნასაც ე.წ. დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიაში გასულ წელს გააგზავნა.

ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დისკუსიის საგანი იქნება სახელმწიფო უწყებების ანგარიშები. მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ასევე სახალხო დამცველის.

საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკურ მხარეებს საშუალება ექნებათ ინტერპელაციის ფორმატის გამოყენების, ასევე მინისტრის საათის ფორმატში მთავრობის წარმომადგენლების მოსმენის და მათი საქმიანობის შეფასების.

რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.