უკვე ცნობილია იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებსაც განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეამოწმებს.
სამინისტროს ცნობით, დიდი წარმატების მიუხედავად, საატესტატო გამოცდების შემდეგ გამოიკვეთა ათეულობით სკოლა: მათ შორის, თბილისის 190-ე, მე-7, 37-ე და 108-ე საჯარო სკოლები, რომლებმაც დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი.„სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი „პასუხისმგებლობა და სტრუქტურა“ განმარტავს: „საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი“. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ სკოლებში კანონის ეს მუხლი დარღვეულია, ასევე, დარღვეულია ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა. თუ რომელიმე სამეურვეო საბჭო თავს აარიდებს და დაკისრებულ დავალებას არ შეასრულებს, დადგება სამეურვეო საბჭოს პაუხისმგებლობის საკითხიც. აღნიშნულ პროცესს მეთვალყურეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუწევს.