„საქსტატის“ მიერ 20 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ 5.8% შეადგინა.
მიმდინარე ფასებში პირველ კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელი იყო 5.1 მილიარდი ლარი.
2010 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა; ხოლო მთლიანობაში 2010 წელს მშპ-ის ზრდა 6.4% იყო.
2011 წლის პირველ კვარტალში მრეწველობამ და ვაჭრობამ ქვეყნის მშპ-ის მესამედზე მეტი მოიცვა, შესაბამისად, 18 და 17 %-ით; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12.1%; სახელმწიფო მმართველობა – 10.6%; სოფლის მეურნეობა – 9.4% და ჯანდაცვა – 7.1% .2011 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა ფინანსურ სექტორში დაფიქსირდა – 24%; შემდეგ მოდის ელექტროენერგია, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 12.4%; უძრავი ქონება – 9.5%; ტრანსპორტი – 9.1%; გადამამუშავებელი მრეწველობა – 8.6%; სასტუმროები და რესტორნები – 8.6%; კავშირგაბმულობა – 7.6%.
სოფლის მეურნეობა, სადაც 2010 წელს 1.7%-იანი კლება დაფიქსირდა, 2011 წლის პირველ კვარტალში 1.7%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში 5.5%-იანი კლება დაფიქსირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალ საინვესტიციო დანაყოფის – „BG Capital“-ის კვლევითი ანალიტიკოსის – გიორგი ირემაშვილის, აზრით, აპრილის წინასწარი მონაცემები ზრდის ტემპების საგრძნობ შემცირებას აჩვენებს. მისი თქმით, მეორე კვარტლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3-3.5%-ია, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას იქონიებს მთლიან 2011 წლის საპროგნოზო მაჩვენებელზე და შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მშპ-ის ზრდა პროგნოზირებად 5.5%-ზე ნაკლები იყოს.