პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ ბევრი გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს, რადგან დავინახეთ, რომ ომი მოდიოდა. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაშიც ომი არა თებერვალში, არამედ 2014 წელს დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატო-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როდესაც მოსკოვი სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა პირველად გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მოთხოვნისადმი ნატო-ს ახალი წევრების მიუღებლობის შესახებ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი უფრო მეტად თანამშრომლობენ და ჩინეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ დაუგმია.

სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი აფართოებს კავშირებს ირანთან და იარაღის იმპორტს ჩრდილოეთ კორეიდან ახორციელებს.

რეალობა ისაა, რომ თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, სადაც უკრაინა დარჩება დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერად ევროპაში, ჩვენ ახლავე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იარაღი არის გზა მშვიდობისაკენ. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატო- გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით, ჩინეთთან. ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათთან ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებსაც ისინი, თავის მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. უნდა უზრუნველვყოთ კონტროლი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, პორტებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მე-5 თაობის ქსელებამდე. არავინ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი ჩინეთთან, მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ არ შეილახოს ჩვენი უსაფრთხოება, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.