პოლიტიკა
ავღანეთში თალიბების თავდასხმას ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

soldier2თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გია გოგუაძე, რომელიც III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს  რიგითი გოგუაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

სამინისტროსავე ინფორმაციით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

ამასთან, როგორც საქინფორმს უწყებაში განუმარტეს, გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში უკვე გადმოსვენებულია.

რიგითი გოგუაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობამ უკვე 10-ს მიაღწია. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ხელისუფლებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების რაოდენობის გონივრულ დონემდე შემცირებისკენ არაერთხელ მოუწოდა, თუმცა ხელისუფლება მომავალი წლისთვის მისიაში ქართული კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.