საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია არ დასტურდება, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას თამარ აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ, ნევროლოგიური თვალსაზრისით, ნეგატიური დინამიკაა.
„მე უკვე ვისაუბრე სასამართლოზე და ყველამ მოისმინა, რომ საუბარი იყო პაციენტის საწყის მდგომარეობაზე, დინამიკაზე და ახლანდელ მდგომარეობაზე. იმ საკითხებზე, რაც უკვე გავლილია – რა მკურნალობაა ჩატარებული, ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები, რა ტიპის კონსულტაციები იყო ჩატარებული. ნამდვილად დიდი მუშაობაა გავლილი და ამაზე იყო საუბარი. ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება იყო კვლევის ფორმატი. ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელიც დასმული იყო, ითხოვდა გაღრმავებულ კვლევებს. ეს ფორმატი მოიცავდა ტოქსიკოლოგიურ კვლევასაც. კვლევებმა, რაც ჩვენ ჩავატარეთ, რაიმე პოზიტიური მაჩვენებელი არ მოგვცა. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის დამადასტურებელი ლაბორატორიული შედეგი არ გვაქვს. ნევროლოგიური თვალსაზრისით არის ნეგატიური დინამიკა. მე ვარ ექიმი, ჩემი ექიმობა უკვე გულისხმობს მისი ინტერესების დაცვას. შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები, სადაც უკეთესი იქნება. ჩვენი ტოქსიკოლოგიური მონაცემებით, ინტოქსიკაცია არ დასტურდება“, – განაცხადა თამარ აბაშიძემ.