საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ, ტყვეების გაცვლის პრინციპით, მიხეილ სააკაშვილი გამოიხსნას. ამის შესახებ მამულაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მამულაშვილის თქმით, სააკაშვილი რუსეთის პატიმრობაში იმყოფება, რადგან მისი თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება.
„2022 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, უკრაინელმა ხალხმა შეძლო და წელში გადატეხა რუსეთის იმპერია. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ყველამ დავინახეთ შეუპოვრობა და გაუტეხლობა, რომელიც უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა. მათი ბრძოლის შედეგად რუსეთი, როგორც იმპერია აღარ არსებობს, მხოლოდ იმპერიის ნარჩენებად არის ქცეული. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წყალობით, რუსეთი მაინც ახდენს გადამწყვეტ გავლენას ჩვენს ქვეყანაზე. რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს ჩვენი პოლიტიკური სისტემა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციასაც აგრძელებს. რუსეთის მთავარი მტერი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება, რადგან მისი თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება.
გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს გმირი პრეზიდენტი ხართ. თქვენ ყველა ჩვენგანს, პოსტსაბჭოთა ხალხებს და მთელ მსოფლიოს დაგვანახეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ღირსეული მაგალითი და გვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა, დღეს ჩვენ, ქართველი ხალხიც ომში ვართ, მათ შორის საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებასთან ომში. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში კვდება. ის საქართველოშია, მაგრამ მისი სამკურნალოდ გადაყვანა-არგადაყვანის გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება. მიუხედავად იმ მძიმე ბრძოლისა, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით და მთელი რიგი გამოწვევებისა, რომლებიც გაქვთ, გვინდა, მოგმართოთ თხოვნით, პირდაპირ ესაუბროთ რუსეთის მიერ კონტროლირებული ხელისუფლების ხელმძღვანელობას და, ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით, გამოიხსნათ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან. გთხოვთ, აარიდოთ ქართველ ხალხი უდიდეს ტრაგედია და სამოქალაქო დაპირისპირება, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვება, რაც საბოლოოდ ჩაგვტოვებს პოსტსაბჭოთა ჭაობში და პოლიტიკურად მთლიანად დაგვაშორებს თქვენთან, დასავლური სამყაროს მორალურ ლიდერ სახელმწიფოსთან, ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.