საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებისა და პოტენციალის შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ღვინის ექსპორტის შარშანდელი რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
„ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა იმის შედეგია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ რაც შეიძლება მეტი ღონისძიება იმ პრიორიტეტულ ბაზრებზე, სადაც ჩვენი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. მომავალ წელს, მხოლოდ ბიუჯეტიდან, 14 მლნ ლარი დაიხარჯება ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ბაზარზე, ჩინეთში. ამ მიმართულებით, აქტიურად ვიწყებთ საქმიანობას სამხრეთ კორეაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკისა და იაპონიის ბაზრებზე ექსპორტის დაახლოებით 40-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება, რათა ქართული ღვინო მეტად პოპულარული გახდეს. მეწარმეებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარებით, რომ შეძლონ ქვეყნიდან ექსპორტზე მეტი პროდუქციის გატანა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.