საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 28 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის და აშშ-ის წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრს შევხვდით მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი. დეტალებში ვერ შევალ“, – წერს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ კომენტარზე დაყრდნობით.
„ევროკავშირის 15 ელჩის პირველი დიპლომატიური დემარში იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის საკითხზე – უმნიშვნელოვანესი ამბავია“, – დაწერა ამას წინათ Facebook-ზე საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
დიპლომატებთან მინისტრის შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე გაიმართა, რომელზეც სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელი გადავადებაზე უნდა იმსჯელოს.