საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აკადემიურმა საბჭომ 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის რექტორად მომდევნო 4 წლის ვადით ჯაბა სამუშია არჩევას.
ჯაბა სამუშიას, რომელიც ამ დრომდე რექტორის მოვალეობას ასრულებდა, საბჭოს 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 2 ბიულეტენი კი – გაბათილდა. სამუშია რექტორის კონკურსში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო.
რექტორის ვაკანტური პოზიციისთვის მსურველთა რეგისტრაცია 16 დეკემბერს, დილის 10:00 სთ-ზე დაიწყო და 21 დეკემბრის 18:00 სთ-ზე დასრულდა.
რექტორის არჩევნებს წინ თსუ-ის სტუდენტების პროტესტი უძღვოდა, ისინი რექტორის არჩევნების „არადემოკრატიულ წესს“ აპროტესტებდნენ.
რექტორის არჩევნების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ახლადარჩეულმა რექტორმა და თქვა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
„შევეცდები, ვიზრუნო უნივერსიტეტის მომავლისათვის და იმისათვის, რომ უნივერსიტეტში როგორც სწავლა, ასევე მეცნიერული განვითარება, უახლოესი 4 წლის მანძილზე იყოს საკმაოდ მაღალი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს არა მხოლოდ რეგიონში ან აღმოსავლეთ ევროპაში სანიმუშო, არამედ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ერთკანდიდატიანი არჩევნების შესახებ კრიტიკას, სამუშიამ თქვა, რომ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო და მსურველებს განაცხადის შეტანის შესაძლებლობა თითქმის თვენახევრის განმავლობაში ჰქონდათ. „მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ შემოიტანეს“, – განაცხადა მან.
სამუშიამ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ თსუ-ის სტუდენტების მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ საკითხი მისი მოვალეობის შემსრულებლად არჩევისთანავე დაიძრა. რაც შეეხება რექტორის არჩევის წესის ცვლილებაზე ასევე სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნას, ახალმა რექტორმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტი დისკუსიის დასაწყებად მზად არის.
ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმუმ 6 თვის ვადით 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს. საგულისხმოა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებშიც სამუშია ერთადერთი მონაწილე კანდიდატი იყო.
თსუ-ის ახალი რექტორის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სამუშიას წინამორბედმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა 2022 წლის 15 ოქტომბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას უფლებამოსილების მეორე ვადა ორ წელში ეწურებოდა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 51 წლის ჯაბა სამუშია 2018 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორია. ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის ოქტომბრამდე მას შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. მანამდე, 2018-2020 წლებში, იგი ამავე ფონდის დირექტორის მოადგილე იყო.
2014-2017 წლებში სამუშია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო.
ჯაბა სამუშია 2010-2014 წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრიც იყო. იგი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის სიით მოხვდა, თუმცა მოგვიანებით მან პარტია დატოვა და ქართულ ოცნებას შეუერთდა.