სამართალი
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა ძალიან ნაყოფიერად იმუშავა 12 რეკომენდაციაზე, 2022 წელს მიღებული კანონების 30 პროცენტი იყო კანონები, რომლებიც სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 82 კანონი, ცვლილება მიიღო პარლამენტმა, რათა შესრულებულიყო ევროკომისიის რეკომენდაციები.

„იცით, რომ არის ორი საკითხი, რომლებიც ახლა არის ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის – სასამრთლო რეფორმის პაკეტი და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომლებზე პასუხსაც ჩვენ ველოდებით მარტში და როგორც კი გვექნება შეფასება ვენეციის კომისიისგან, პარლამენტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას. რაც შეეხება სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევას, ეს არის სწორედ ის საკითხები, რომლებზეც ვამბობდით, რომ უმრავლესობაზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ აირჩია ულტიმატუმის გზა. პროცესის დაწყებამდე, სანამ კონკურსი გამოცხადდებოდა, გასაუბრებები ჩატარდებოდა, დაასახელეს მათდამი ლოიალური კანდიდატები და წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ ან ამ კანდიდატების არჩევა უნდა მოხდეს, ან სხვისი არავის, რაც არც საპარლამენტო პროცესის შესაბამისია, არც დემოკრატიული პროცესის, როდესაც უმცირესობა ულტიმატუმით აიძულებს უმრავლესობას, მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. ეს არის ანტიდემოკრატიული მიდგომა, რაც ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ულტიმატუმების წამოყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.