აქტუალური
მყარი კავშირების არსებობა სავსებით პასუხობს რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორ ხედავთ საქართველოსთან რუსეთის კავშირების მომავალს? შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა? აპირებს თუ არა მოსკოვი ვიზების გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის? - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხილ გალუზინის ТАСС-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბოლო შეკითხვა საქართველოს შესახებ იყო და ი რა უპასუხა რუსმა დიპლომატმა.

„დარწმუნებული ვართ, რომ მყარი კავშირების არსებობა სავსებით პასუხობს რუსეთისა და საქართველოს ხალხების ინტერესებს. მათ აერთიანებთ მეგობრობის, კეთილმეზობლობის უძველესი ტრადიციები, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ფასეულობები, მილიონობით ადამიანის ბედი. ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და წარმატებით ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას, ბოლო დროს კი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება.

2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლაც კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში საქონელბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა და 2,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი 2008 წელს გაწყდა თბილისის ინიციატივით, რომელიც, სამწუხაროდ, მათი აღდგენის შესაძლებლობას რეგიონში არსებულ ახალ რეალობასთან წინააღმდეგობრივი პოლიტიკური მოთხოვნებით კვლავაც აბრკოლებს. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართული მხარის მოედანზეა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის საჭირო წინაპირობები შეიქმნება.