სამართალი
არასამთავრობოები: ომბუდსმენის აურჩევლობა აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ 23 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში „შეშფოთება“ გამოხატა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩავარდნის გამო და აღნიშნა, რომ ეს „საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“.

არასამთავრობოებმა ხაზი გაუსვეს, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ ომბუდსმენობის კანდიდატებს, რომელთაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის „უმაღლესი შეფასება“ დაიმსახურეს, მხარს საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი უჭერდა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, „შესაძლებელი იქნებოდა ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

„ამდენად, ამ პირთა მიმართ მმართველი ძალის პრეტენზია მხოლოდ პოლიტიკურია და ხელისუფლებისადმი პარტიული ლოიალობის ნაკლებობას უკავშირდება“, – აცხადებენ უფლებადამცველები და პროცესის უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობას „ერთმნიშვნელოვნად საპარლამენტო უმრავლესობას“ აკისრებენ.

მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ დაპირებისამებრ ომბუდსმენობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე ის „შეეცადა ოპოზიციისთვის შეეთავაზებინა მისთვის სასურველი ხუთი კანდიდატი და კატეგორიული უარი განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი მაღალი კვალიფიკაციის, სანდოობისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატების მხარდაჭერაზე“.

არასამთავრობოები ასევე აღნიშნავენ, რომ ომბუდსმენად „პარტიულად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური პირის არჩევა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია და ხაზს უსვამენ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა ქვეყანას პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას მისცემდა.

„[ამით] ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლებოდა ევროკავშირის დამატებით ორი რეკომენდაცია, რომლებიც გულისხმობს პოლარიზაციის აღმოფხვრას პარტიათა თანამშრომლობით და ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამდენად, უფლებადამცველები მოუწოდებენ ხელისუფლებას, „ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თორმეტივე პირობის დროული შესრულება“.

სხვებთან ერთად ერთობლივ განცხადებას ხელს ასევე აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG); „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.