სამართალი
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაგრძელდება

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად რთულია და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, პროცესები ყოველდღიურად ჩანიშნულიყო.

თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროცესების ყოველდღიურად ჩანიშვნა შეუძლებელია.

„ერთი მოწმის დაკითხვას დღეს მთელი დღე მოვანდომეთ და სხვა საქმეები, რომლებიც დღეს დანიშნული მქონდა, გადავდე. ყოველდღე დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია. შუამდგომლობის განხილვის მკაცრად განსაზღვრული ვადები არ არსებობს, არ ვართ აქ შეზღუდული და ისიც გასათვალისწინებელია, ეს მასალა და ამ რაოდენობის მოწმეები საჭიროებს რამდენიმე სხდომას“, – განაცხადა მოსამართლემ.

29 დეკემბერს სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით განახლდება.