თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაიშვილმა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის – ბადრი ბიწაძისთვის, აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას გირაო დაუსწრებლად პატიმრობით შეუცვალა. პროკურორმა შუამდგომლობის დაყენების მოტივად კანონით დადგენილ ვადაში ბიწაძის მიერ გირაოს თანხის გადაუხდელობა დაასახელა. ეს არგუმენტი მოსამართლემ საფუძვლიანად მიიჩნია და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ბიწაძის ადვოკატი ლევან სამუშია მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.საქინფორმი დაინტერესდა, როდიდან დაიწყებს შსს ბადრი ბიწაძის ძებნას და სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ „ბიწაძეზე სისხლისსამართლებრივი ძებნა დღესვე გამოცხადდება“. „პროცედურული საკითხების მოგვარებას მცირე დრო სჭირდება, ბიწაძეზე ძებნას უახლოეს რამდენიმე საათში გამოვაცხადებთ“, – განმარტა უტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიწაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს – ასი ათასი ლარის, გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ბიწაძემ გირაოს თანხა არ გადაიხადა. ბიწაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა.