უცხოეთი
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ფრანგული „ფიგაროს“ ცნობით, მაკრონს მიაჩნია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მხრიდან კონფრონტაციად აღიქმება, ამიტომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატო-ში – და ეს ნაკლებად სავარაუდო სცენარია – მას მაინც უნდა მიეცეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც უნდა იყოს კიდევ უფრო სანდო და ძლიერი, რადგანაც უკრაინას რუსეთი დაესხა თავს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამავე ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ნატო-ზე და სტრატეგიულ ავტონომიას გადახედოს.

„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა არ არსებობს სტრატეგიული ავტონომიის გარეშე. ნატო-ში და ნატო-სთან ერთად, მაგრამ არა ნატო-ზე დამოკიდებულებით. ალიანსი არ არის ის, რაზეც დამოკიდებული უნდა იყო. ალიანსი არის ის, რასაც ირჩევ. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და ენერგეტიკული ავტონომია, მათ შორის აშშ-სგან“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინასთან ერთად, რუსეთმაც უნდა მიიღოს.

1tv.ge