საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომზე სპეკულირებს თავისი შიდა ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ 20 დეკემბერს.
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებაზე პასუხად 20 დეკემბერს თქვა, რომ „უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა…“.
მანამდე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა სპეცოპერაციის გზით, ხოლო „დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება“.
ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ „უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, თუმცა დაუმატა, რომ ქართველი პოლიტიკოსები „რა სახის ინსინუაციებს არ მიმართავენ […], რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ“.
აქვე, უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ვერხოვნა რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის დაშვებისა და უკრაინის მოქალაქისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.
„ასევე მოგიწოდებთ […] დააკმაყოფილოთ [მიხეილ სააკაშვილისთვის] სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით“, – გაიმეორა პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნა ნიკოლენკომ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფარულად 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს დააკავეს. 2018 წელს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს ბრალი კიდევ სამ საქმეზე აქვს წარდგენილი, თუმცა იგი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქალაქო სასამართლოში 22 დეკემბერს მორიგი სხდომა გაიმართება.