საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს.
მისივე თქმით, როდესაც ოპონენტები სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობენ, მაშინ სიმართლის დადგენის ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა.
„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციას არანაირი ნდობა არ აქვს.
„რაც შეეხება „ემპათიას“, ამ ორგანიზაციამ სახელი „გაითქვა“ თავისი მოქმედებებით, ჯერ კიდევ შაქარაშვილის მძიმე მკვლელობის დროს. ძალიან ცუდად მოიქცნენ და არანაირი ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.