სამართალი
მიხეილ სარჯველაძე: ზელენსკი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: მივმართავ საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არ შეეფერება საქართველოს. გადაიყვანეთ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის კლინიკაში“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

საუბედუროდ, რა მდგომარეობაც არის უკრაინაში, ეს ალბათ განაპირობებს იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვერ არის კარგად ჩახედული საქმეებში, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილს ბრალდება აქვს წაყენებული, მსჯავრდებულია და როგორ მიმდინარეობს საპატიმრო პროცედურები მასთან მიმართებით. შეიძლება, არასწორი ინფორმაცია აქვს მიწოდებული და საკითხს არასწორად ხედავს. შესაძლოა, მსგავსი მოწოდების მიზეზი ეს იყოს. თუ რამეა შეუფერებელი და არასათანადო, ეს არის უკრაინის მოქალაქის და უკრაინაში თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ჩამობრძანება, საზღვრის გადმოკვეთა და ინსინუაციები, მაგალითად, არაჟნები და ჩანაწერები, თითქოს გატაცებას აქვს ადგილი და მსგავსი ტიპის სიმულაციები. თუ რაიმეა შეუფერებელი და რეპუტაციისთვის დამაკნინებელი, ეს თავად სააკაშვილის მოქმედებებია.

შეიძლება, სწორად ვერ აღიქვამდეს ან არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, ბევრი ადამიანია იქ, მათ შორის ზელენსკის გარემოცვაში, რომლებსაც მიკერძოებული, კონკრეტული ინტერესი აქვთ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მიძრაობასთან“ მიმართებით. ამიტომ პირადად მე არ მიკვირს, რომ ზელენსკის არასწორი ინფორმაცია და არასწორი შეხედულებები ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.