საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 15 დეკემბერს 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მანამდე მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 14 დეკემბერს გააცნო.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წლის შემოსულობები 21.91 მლრდ ლარია და წინა წელთან შედარებით 2.1 მლრდ ლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება საერთო ხარჯებს, ის 21.88 მლრდ ლარს შეადგენს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 19.68 მლრდ ლარი იყო.
მომავალ წელს, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები 16.29 მლრდ ლარი იქნება, გრანტებიდან მიღებული შემოსავლები 279.55 მლნ ლარით განისაზღვრა, სხვა შემოსავლები კი – 1.05 მლრდ ლარი იქნება.
მომავალ წელს საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 6% იყო, 2021 წელს 10%, 2020 წელს კი – 6.8%.
სამინისტროების მიხედვით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 6.86 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 620.8 მლნ ლარიანი ზრდაა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 მლნ ლარი, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 9.4 მლნ ლარით მეტია.
თავდაცვის სამინისტრო – 1.3 მლრდ ლარი. წინა წელს ეს მაჩვენებელი 1.1 მლრდ ლარი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1.1 მლრდ ლარი, რაც 2022 წელთან შედარებით, 143.5 მლნ ლარით მეტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698.5 მლნ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 44.6 მლნ ლარიანი კლებაა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2.03 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 345.9 მლნ ლარით მეტია.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431.23 მლნ ლარი. ეს მაჩვენებელი 2022 წლის ბიუჯეტს 30.4 მლნ ლარით აღემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558.2 მლნ ლარი, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 374.2 მლნ ლარით ნაკლებია.
ფინანსთა სამინისტრო – 106 მლნ ლარი. ეს მონაცემი 2022 წლის ბიუჯეტზე 596 000 ლარით მეტია.
იუსტიციის სამინისტრო – 392.4 მლნ ლარი, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 71.8 მლნ ლარით მეტია.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4 მლნ ლარით – 77.5 მლნ ლარამდე იზრდება საქართველოს პარლამენტის დაფინანსება. 9.3 მლნ ლარამდე – 523 000 ლარით იზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაც.
2023 წელს 24 მლნ ლარს მიიღებს მთავრობის ადმინისტრაცია, რაც 2022 წელთან შედარებით, 4.8 მლნ ლარიანი ზრდაა.
2023 წელს ბიუჯეტიდან 180 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, რაც 2022 წლის ბიუჯეტზე 29.3 მლნ ლარით მეტია.
მომავალ წელს 9.27 მლნ ლარით დაფინანსდება სახალხო დამცველის ოფისი, რაც წინა წელთან შედარებით 406 000 ლარით მეტია.
გაისად 17 მლნ ლარით დაფინანსდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, 5 მლნ ლარით კი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. შარშან, მის დაშლამდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბიუჯეტი 11.3 მლნ ლარი იყო.
მომავალ წელს ბიუჯეტიდან 5.8 მლნ ლარს მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, 16.1 მლნ ლარს უზენაესი სასამართლო, 117 მლნ ლარს კი – საერთო სასამართლოები.
2023 წლის ბიუჯეტიდან 101.19 მლნ ლარით დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. წინა წელს ეს მაჩვენებელი 82.18 მლნ ლარი იყო.
გასული წლების მსგავსად ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოც.
2023 წელს გაიზრდება ასაკობრივი პენსიაც და 70-წლამდე ასაკის მოქალაქეები 260 ლარის ნაცვლად 295 ლარს მიიღებენ. ამასთან, იანვრიდან 65 ლარით გაიზრდება 70+ მოქალაქეების ასაკობრივი პენსიაც და 365 ლარი გახდება.
გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70-წლამდე პენსიონერების პენსია 354 ლარი გახდება, 70+ მოქალაქეები კი – 438 ლარს მიიღებენ.
ამასთან, 2023 წლიდან 10%-ით გაიზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებიც. გამონაკლისები მხოლოდ ჯარისკაცები და პოლიციელები იქნებიან, მათი შრომის ანაზღაურება 20%-ით გაიზრდება.