აქტუალური
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე მმართველი გუნდი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს.

ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობ იმაზე, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ფაქტებს ვიშველიებთ. შემთხვევითი არ არის და ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის, მიხეილ სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა. დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში, სინთეზში უნდა განვიხილოთ. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს, ჩვენ ყველა განცხადებას, იმის გამო, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ამ კონტექსტში განვიხილავთ“, - აცხადებს მდინარაძე.

მან ასევე, ისაუბრა GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე და აღნიშნა, რომ ეს კვლევა რეალობას ასახავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ ენდობა, თუმცა დიდი ინტერესით აკვირდება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არასაარჩევნო პერიოდში რეკორდულად მაღალია.

მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო პერიოდში რეიტინგების ზრდა უჩვეულო არ არის იმიტომ, რომ კამპანიას და სხვა ფაქტორებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არასაარჩევნო პერიოდში ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ემხრობა, აფასებს და ის არის მშვიდობისკენ, განვითარებისკენ, სტაბილურობისკენ, რეალურად ევროპისკენ და იმ პროექტებისკენ, რომლებიც განხორციელდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ელექტროსადენთან დაკავშირებით. იცით, რომ ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროპასთან და ევროპულ ქვეყნებთან ერთად. ეს არის მთავარი ინდიკატორი, რასაც კვლევების გარდა ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას იმ პოლიტიკის და გუნდის მიმართ, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. რაც შეეხება თავად რეიტინგებს, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი არის დაკლებული, „ქართული ოცნების“ მომატებული და სხვა პარტიები, პრაქტიკულად, იმ მოცემულობის მიღმა არიან, რაზეც ისინი დღენიადაგ საუბრობენ“, - აცხადებს მდინარაძე.