საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დეპუტატმა აბდულა ისმაილოვმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.
„ჩვენს ერთ თანამებრძოლს, აბდულა ისმაილოვს მოუწია შიმშილობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ტემპერატურა ჰქონდა მაღალი და ექიმების, ჩვენი რჩევა იყო, შეეწყვიტა შიმშილობა. რაც შეეხება ჩვენს დანარჩენ მებრძოლებს, ანიც, თემურიც და დათოთ თავს გრძნობენ ჯანმრთელად, შემართებით არიან იმ მიზნისთვის საბრძოლველად, რასაც ემსახურება მათი ეს პოლიტიკური აქტი. პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, იქნება ეს ჩვენი მეგობრების შიმშილობა თუ აქციები“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, კიდევ რამდენიმე თანაგუნდელი განიხილავს, მოშიმშილეებს შეუერთდეს.
ცოტა ხნის წინ, მოშიმშილე დეპუტატები პარლამენტში ექიმებმა მოინახულეს.
„მოგეხსენებათ, რომ არის შიმშილობის მეოთხე დღე. ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მეტად სისუსტე გამოხატულია ქალბატონ ანისთან, სხვა შემთხვევებში პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე არანაირი მედიკამენტოზური დახმარება არ არის საჭირო, ქრონიკული მედიკამენტი შეიძლება, მიიღოს პაციენტმა. შიმშილობის დროს მდგომარეობის გართულება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. შევუმოწმეთ პულსი, წნევა, სატურაცია, გლუკოზის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე ყველა მაჩვენებელი ნორმაშია“, – განაცხადა ექიმმა ნანა ცაავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა 15 დეკემბერს გამოაცხადა შიმშილობა. როგორც მათ აღნიშნეს, „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.