სამართალი
26 მაისს ძალოვნების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

gamoziebaამის შესახებ საქინფორმს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ცნობილია, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ამ მოვლენების შედეგად 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – 8 პოლიციელი, ხოლო ერთი მომიტინგე და ერთი პოლიციელი, შსს-ის ინფორმაციით, აქციიდან დიდი სისწრაფით მიმავალი „ჯიპების“ ავტოკოლონის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კიდევ ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილთა ახლობლების განცხადებით, ისინი აქციაზე იმყოფებოდნენ. ოფიციალური ვერსიით კი, მამაკაცები ელექტროგადამცემმა ხაზებმა იმსხვერპლა. ვრცელდება, ასევე, არაოფიციალური ინფორმაციებიც იმის შესახებ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია, თუმცა ოფიციალური უწყებები მსგავს ინფორმაციებს არ ადასტურებენ. 26 მაისის ღამეს აქციის ძალისმიერი გზით დაშლა, დაახლოებით, 00:15 საათზე დაიწყო, როდესაც „სახალხო კრებას“ საპროტესტო აქციების გასამართავად თბილისის მერიისგან მიღებული ნებართვის ვადა უკვე ამოწურული ჰქონდა. ნაცემია არაერთი ჟურნალისტიც, რომელთა შორის ზოგიერთს კამერები, ფოტოაპარატები, ტელეფონები დაუმტვრიეს ან ჩამოართვეს. აქციის დარბევის დროს გადაღებულ კადრებში ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როცა სპეცრაზმელები მიწაზე დაცემული და ხელებგაკოჭილი მომიტინგეების მიმართ ძალას იყენებდნენ. აქციის დროს დაკავებული 100-ზე მეტი მოქალაქე ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, 50–მდე ადამიანს კი მათი ახლობლები უშედეგოდ ეძებენ.