საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 8 დეკემბერს გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების დისკრიმინაციულობას ადგენდა.
2022 წლის 1 ივლისს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მათ უფლებებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა. 2019 წელს დაწყებულ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ დააგინა, რომ რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის, 400 000 ლარის სრულად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის გადაცემა დისკრიმინაციული იყო. მიღებული გადაწყვეტილება მარნეულის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადაში, ერთ სხდომაში, შეაჯამა 3 წლის მანძილზე მიმდინარე „მოცულობითი და კომპლექსური ადმინისტრაციული დავა“. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების „სრული და ობიექტური შესწავლის“ გარეშე გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და „უგულებელყო დავის მნიშვნელობა, კონტექსტი, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და კონსტიტუციური პრინციპები“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ლეილა მამულაშვილმა გამოიჩინა მიკერძოებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება მოსარჩელეებისადმი, რაც „სრულად ემყარებოდა მათ ეთნიკურ წარმომავლობას“ და რაც „ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ამასთან ადასტურებს მოსამართლის წინაწარ ჩამოყალიბებულ განწყობებს განსახილველი საკითხის მიმართ“.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, ასევე ითვალისწინებს 400 000 ლარს მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის.